“ჩვენ მიერ შექმნილ NFT ნამუშევრებს, უკვე რამდენიმე მფლობელი ჰყავს" - გაიცანით გრაფიკოს-დიზანერთა ოჯახი
ცოლ-ქმარი ნინი და შოთა გრაფიკული დიზაინის სფეროში მოღვაწეობენ. როგორც ამბობენ, იტაცებთ ყველაფერი, რაც ხელოვნებასთან არის კავშირში და გატაცებებს შორის, ყველაზე მთავარი, მათი მეორე საქმიანობა - ტატუ სტუდიაა. ცოტა ხნის წინ, მათ თავიანთი უნარები NFT ნამუშევრების შექმნისკენაც მიმართეს. ამ ყველაფრის შესახებ, ნინი ციბირაშვილი თავად გვიამბობს.
NFT-ის შესახებ
NFT სამყაროს დაახლოებით ერთი წელია თვალს ვადევნებთ. ამ სფეროში წარმატების გარანტირებული ფორმულა არ არსებობს, თუმცა, როგორც სიახლეების მოყვარულებს არ შეგვეძლო მომავლის ხელოვნებისთვის გვერდის ავლა. დაახლოებით 1 თვის წინ კი, ჩვენი პროექტების შექმნა დავიწყეთ.
ჩემი აზრით, NFT სპეციფიკაში გარკვევა არის დიდი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და ბევრი ინფორმაციის მოძიება არის საჭირო. სტანდარტული პროექტებისგან, ალბათ, ის განასხვავებს, რომ NFT სფეროში არ არის საკმარისი იყო კარგი არტისტი და ქმნიდე ტექნიკურად ან ესთეტიკურად ღირებულ პროექტს.
NFT კოლექციები
ჯერჯერობით მხოლოდ სამი კოლექცია გვაქვს. პირველი და ყველაზე განსაკუთრებული მივუძღვენით ჩვენს კატას - ბენჯის, რომელიც პანდემიის დაწყებიდან მალევე ვიშვილეთ.

ბენჯი კატამიანი (კატა-ადამიანი) ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში და შესაბამისად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექციაც მას ეხება.
მეორე პროექტი იყო "Gia The SuperBummer", რომელიც ასევე ნამდვილი, ცოტა სევდანარევი და კეთილი ამბავია ადამიანის შესახებ, რომელსაც თან არაფერი აქვს და თან ყველაფერი.

რაც შეეხება ბოლო კოლექციას - "Everyhuman", ჩვენი ინსპირაცია უკვე ბევრჯერ დაანონსებული ვირტუალური სამყარო იყო. ნამუშევრებს, ჩვენი NFT კოლექციებიდან, უკვე რამდენიმე მფლობელი ჰყავს, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს მუშაობის გასაგრძელებლად.

რჩევა NFT-ით დაინტერესებულ დამწყებ არტისტებს
როგორც უკვე ვთქვი, ამ სფეროში წარმატების გარანტიები არ არსებობს. ძალიან ბევრი მაგალითია ტექნიკურად უმარტივესი, მაგრამ ძალიან პოპულარული პროექტების და ასევე, ბევრია კარგი პროექტი, რომელიც შეუმჩნეველი რჩება. ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს ეს სამყარო, აუცილებლად უნდა მოიძიოს საჭირო ინფორმაცია და სცადოს.
ტატუ სტუდია - სამურაი ტატუ
ჩვენთვის ტატუ ხელოვნება ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო სფერო იყო. საკუთარი ტატუ სტუდიის გახსნა დიდი ნაბიჯია და ყველაფრის ორგანიზებისთვის პანდემიის პერიოდში დისტანციურმა მუშაობამ შეგვიწყო ხელი. დიდი ძალისხმევის, მუშაობის, სწავლის და პრაქტიკის შედეგად შევქმენით იდეალური გარემო ტატუირების მოყვარულებისთვის და დავიწყეთ ხატვა.


იხილე, კიდევ ერთი NFT არტისტის, როზა კაპანაძის ინტერვიუ აქ.
ასევე, გაიგე - 3 პროგრამის შესახებ, რომელიც NFT სამყაროში თავის დასამკვიდრებლად გამოგადგება.
